ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა უნდა შეძლოს, გაგზავნოს სამხედროები იქ, სადაც აშშ-ის და ნატო-ს ჩარევა არ არის მოსალოდნელი
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა უნდა შეძლოს, გაგზავნოს სამხედროები იქ, სადაც აშშ-ის და ნატო-ს ჩარევა არ არის მოსალოდნელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაური აცხადებს, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიარაღებული ძალები აშშ-სა და ნატოს-გან დამოუკიდებლად განათავსოს. ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ევროპელებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რათა საჭიროების შემთხევაში გავგზავნოთ სამხედროები, ისევე როგორც ამას ამერიკელები აკეთებენ. ასე რომ იქნება პრობლემები ჩვენს სამეზობლოში, რომლებშიც ამერიკელები არ ჩაერევიან და ჩვენ უნდა გვქონდეს ამის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა“,- განაცხადა ბორელმა.

ამასთან, როგორც ბორელი ამბობს, ტრანსატლანტიკური კავშირი არ უნდა შესუსტდეს, რადგან ამით ის ძალები ისარგებლებენ, ვინც „დასავლეთის მიმართ მეგობრულად არ არის განწყობილი“.

„მე ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება იყოს ძლიერი ევროპა, ნატო-სთვის შეშფოთების მიზეზი. რაც უფრო მეტად ძლიერი იქნება ევროპა, მით უფრო მტკიცე იქნება ნატო, რადგან ჩვენ ნატო-ს წევრები ვართ. ჩვენ არ ვსაუბრობთ ნატო-ს ჩანაცვლებაზე. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ იქ, სადაც აშშ-ისა და ნატო-ს ჩარევას არ ველოდებით. ჩვენ მარტო მოქმედება უნდა შევძლოთ“,- განაცხადა ბორელმა.