ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ ძალიან დიდ გადასახადს ვუხდით პუტინს და ეს ფული გამოიყენება მისი სამხედრო აგრესიის გამოსავლენად
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ ძალიან დიდ გადასახადს ვუხდით პუტინს და ეს ფული გამოიყენება მისი სამხედრო აგრესიის გამოსავლენად

კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი წინააღმდეგობას სწევს, არის სამოქალაქო მსხვერპლი და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ამ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადამწყვეტია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და შეავსონ ეს ძალისხმევა ევროკავშირის დაფინანსებით.

„დღეს მე მოვიწვიე თავდაცვის მინისტრები, რადგან გუშინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არის თავდაცვის პოლიტიკის საკითხი და თავდაცვის მინისტრების გადასაწყვეტია, განახორციელონ ზომები და გამოიყენონ დაფინანსება. ამ შეხვედრის პირველი მიზანი იყო ადგილზე არსებული სამხედრო სიტუაციის შეფასება. ევროკავშირის სამხედრო წარმომადგენლობამ მოგვაწოდა სიტუაციის ღირებულებითი შეფასება, შეაგროვა ყველა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის შეფასებასაც წევრი სახელმწიფოები აპირებენ.

რა თქმა უნდა, რუსული სამხედრო კამპანია სულ უფრო დაუნდობელი ხდება და უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ გამბედაობით ებრძვიან. კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი წინააღმდეგობას სწევს. არის უამრავი სამოქალაქო მსხვერპლი და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით პოლონეთის საზღვარზე. ამ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადამწყვეტია. მათ სჭირდებათ საბრძოლო მასალა, ჯანდაცვის საშუალებები, მათ სჭირდებათ ნებისმიერი სახის თავდაცვითი იარაღი და ჩვენ ვაპირებთ, მათ მივაწოდოთ წევრ ქვეყნებთან ერთად. ასე რომ, წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ორმხრივად და შეავსონ ეს ძალისხმევა ევროკავშირის დაფინანსებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის განმარტებით, კვლავ გააგრძელებენ სანქციების პაკეტს ბელარუსის რეჟიმისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში.

„დაუყოვნებლივ ვიწყებთ გადაწყვეტილების მომზადებას, რომლითაც მობილიზდება რესურსები უკრაინის სამხედრო დასახმარებლად, რაც არის ევროინტეგრაციის ისტორიის გადამწყვეტი წერტილი, რადგან აქამდე იგი ითვლებოდა ევროპულ კავშირად, რომელიც არის სამშვიდობო გაერთიანება და არა სამხედრო გაერთიანება, რომელიც თითქოს მესამე ქვეყნებს სამხედრო დახმარებას არ უწევს.

სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ეს არის კიდევ ერთი ტაბუ, მცდარი ინფორმაცია. დღეს თავდაცვის მინისტრები ბევრს მუშაობენ ძალისხმევის კოორდინაციაზე, რათა ეფექტური იყოს ყველა ორმხრივი ინიციატივა ჩვენს დაფინანსებათან ერთად. ჩვენ შევქმენით სივრცე, რათა თვალყური ვადევნოთ უკრაინის მოთხოვნას და საჭიროებებს, ასევე წევრი ქვეყნების შეთავაზებებს, ჩვენი მხარდაჭერის მაქსიმალური ეფექტურობისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. ეს სივრცე იმუშავებს ნატო-სთან კოორდინაციით. უკრაინა აგრეთვე ითხოვს მხარდაჭერას სპეციალური დაზვერვისთვის და ჩვენ მობილიზაციას ვუკეთებთ ჩვენს სატელიტურ ცენტრს, რომელიც მადრიდშია განთავსებული, რომ იმუშაოს ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, რესურსების მობილიზება ხდება და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, რადგან ომი გრძელდება.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება.

„ერთ-ერთი რამ, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს არის, რაც შეიძლება სწრაფად შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ ძალიან დიდ გადასახადს ვუხდით პუტინს და ეს ფული გამოიყენება მისი სამხედრო აგრესიის გამოსავლენად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.