ჟოზეფ ბორელი - დაიმსხვრა კიდევ ერთი ტაბუ, რომ ევროკავშირი არ აწვდის იარაღს ომში, დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ომი საჭიროებს ჩვენს ჩართვას უკრაინის არმიის მხარდასაჭერად
ჟოზეფ ბორელი - დაიმსხვრა კიდევ ერთი ტაბუ, რომ ევროკავშირი არ აწვდის იარაღს ომში, დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ომი საჭიროებს ჩვენს ჩართვას უკრაინის არმიის მხარდასაჭერად

პრეზიდენტი პუტინი თელავს სუვერენული უკრაინისა და მისი ხალხის სახელმწიფოებრიობას. რასაც ვხედავთ, არის საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და უნდა გააცნობიერონ, რამდენად სერიოზულია ეს ვითარება გლობალური უსაფრთხოებისთვის.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა ონლაინ შეხვედრის წინ ჩვენ საზღვართან სრულმასშტაბიანი ომის თვითმხილველები ვართ. ომი მიმდინარეობს ევროპის საზღვრებზე. პრეზიდენტი პუტინი თელავს სუვერენული უკრაინისა და მისი ხალხის სახელმწიფოებრიობას და იდენტობას. ის, რასაც ვხედავთ, არის საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სულ უფრო მეტი მშვდობიანი მცხოვრები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა სამიზნეში, პუტინი ბომბავს და ისვრის რაკეტებს, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირება. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცხარებულად იბრძვიან საპასუხოდ და გმირულ მდგრადობას ავლენენ ამ ინტერვენციის წინაშე. უკრიანის ხალხი და არმია იბრძვის დამპყრობელის წინააღმდეგ, თუმცა დამპყრობელი პუტინის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად სერიოზულია ეს სიტუაცია ჩვენთვის, ევროპელებისთვის, გლობალური უსაფრთხოებისთვის. დღეს პუტინმა გამოაცხადა, რომ მას მზადყოფნაში მოჰყავს ბირთვული შეკავების ძალები“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორისაა swift-დან რუსეთის გათიშვა და იარაღის მიწოდება.

ამასთან, ბორელის განმარტებით, ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ევროკავშირი მიაწვდის ლეტალურ იარაღს მესამე ქვეყანას.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და მისი ხალხის გევრდით“, – აცხადებს ბორელი.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედარზე უკრაინის მხარდასაჭერად ორი საგანგებო ზომის მიღების ინიციატივას დააყენებენ.

„მინისტრების შეხვედრაზე დავაყენებთ უკრაინის მხარდასაჭერად ორი საგანგებო ზომის მიღების ინიციატივას – უკრაინის არმიისთვის ლეტალური მასალების მიწოდების დაფინანსება, ასევე საწვავის, დამცავი აღჭურვილობისა და სამედიცინო პროდუქტების. კიდევ ერთი ტაბუ დაიმსხვრა. ტაბუ, რომ ევროკავშირი არ აწვდის იარაღს ომში, დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ომი საჭიროებს ჩვენს ჩართვას უკრაინის არმიის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო დროს“, – განმარტა ჟოზეფ ბორელმა.