ჟოზეფ ბორელი - ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება, ინციდენტი საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიძიონ 
ჟოზეფ ბორელი - ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება, ინციდენტი საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიძიონ 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მინსკში, „რაინეარისათენი-ვილნიუსის რეისის იძულებით გადამისამართებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაუშვებელი ნაბიჯით აიძულა, სამოქალაქო თვითმფრინავის ავარიული დაშვება განეხორციელებინა მინსკში. თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის კომპანიის მფლობელობაშია, ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავით აიძულეს, დაშვებულიყო.

ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბელარუსიდან. ის ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა და მინსკის აეროპორტში ბორტზე მოხვედრის საშუალება არ მისცა. ეს კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა ბელარუსის ხელისუფლებისგან, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. ჩვენ მოვუწოდებთ რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ამ იძულებითი აქტის განხორციელებისას, ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება. უნდა განხორციელდეს ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს საერთაშორისო ავიაციის წესების ნებისმიერი დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. ევროკავშირის განიხილავს შედეგებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირებისთვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.