ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნისთვის მისჯილი პატიმრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება
ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნისთვის მისჯილი პატიმრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მისჯილი პატიმრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ბორელი რუსეთს პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯა კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელმაც დაადგინა, რომ ეს საქმე თვითნებური და უსაფუძვლოა. მოვუწოდებ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.