ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ განთავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ განთავისუფლების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ლონდონში საკუთარ სახლში დაბრუნდა. სწორედ ბრიტანეთის დედაქალაქში გააკეთა მან პირველი კომენტარი „იუნაიტედის“ დატოვების შემდეგ.
„ვფიქრობ, კარგად მიცნობთ და იცით, რომ როგორც „ჩელსიდან“ წასვლის შემდეგ მოვიქეცი, ისე მოვიქცევი ახლაც – არ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე, რაც კლუბში ხდებოდა. შემიძლია ძალიან ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან ეს ჩემს ხასიათში არ არის. ამ მომენტში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალი არის ჩემს გარეშე და ჩემი მომავალი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარეშე. ყველაფერი დასრულებულია. ყოველთვის ვაკრიტიკებდი მწვრთნელებს, რომლებიც მიდიოდნენ გუნდებიდან და შემდეგ ყველაფერზე ლაპარაკობდნენ. მე ამას არ გავაკეთებ, არ დავწვრილმანდები და არ დავიწყებ მტკიცებას, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა,“ – განაცხადა მოურინიომ.
„ძალიან ამაყი ვიყავი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებიც ხედავდნენ ამას. ბევრ შესანიშნავ ადამიანთან ერთად მომიწია მუშაობა. მჯერა, ზოგიერთთან მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიმეგობრებ,“ – დაამატა პორტუგალიელმა.