„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით – უნდა ითამაშოს თუ არა ესპანეთის ნაკრებმა „ბარსელონას“ საშინაო არენა „კამპ ნოუზე“.
„არ მინდა დისკუსიაში შესვლა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, მაგრამ „ბარსელონას“ სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ ის უნდა იცავდეს კატალონიის უფლებებს, ამასთან, პატივს სცემდეს ნებისმიერს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ძალიან ჭკვიანია და მას იცის, რომ უმჯობესია ნაკრებმა ითამაშოს იქ, სადაც მასზე გული შესტკივათ. სევილიაში, ვალენსიაში, მადრიდში.
ბარსელონა ამისთვის საუკეთესო ადგილი არ არის. ოპტიმალური გადაწყვეტილება ის იქნება, თუ ესპანეთის ნაკრები არ ითამაშებს „კამპ ნოუზე“, რადგან აქ ამისთვის შესაფერისი პირობები არ არის“, – თქვა ლაპორტამ.
ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო 2003-10 წლებში. მისი ხელმძღვანელობით კატალონელებმა ოთხჯერ მოიგეს ლა ლიგა, მოიპოვეს ესპანეთის თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე, მოიპოვეს უეფას სუპერთასი და მოიგეს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.