ჟიგიმანტას პავილიონისი ვილნიუსში ნიკა მელიას შეხვდა
ჟიგიმანტას პავილიონისი ვილნიუსში ნიკა მელიას შეხვდა

დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იწვევს სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას, ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, – ამის შესხებ ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისშიც, მთელ კავკასიაში.

„ამ საკანში ჩვენი თავისუფლების მაცნე ადამ მიცკევიჩი რუსმა ოკუპანტებმა ექვსი თვით დააპატიმრეს – ის მხოლოდ 1824 წელს გაათავისუფლეს. მაისში. ერთი წლის წინ – 2021 წ. მაისში – საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია ციხიდან გაათავისუფლეს. დღეს ნიკა მელია ცხოვრებაში პირველად ვილნიუსშია, სადაც დიდხანს ვესაუბრე ჩვენს მსგავსებაზე ისტორიასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის.

ნიკამ აღიარა, რომ საქართველოში პოლიტიკოსობის გადაწყვეტისას, მზად უნდა იყო ციხეში წასასვლელად, რადგან ამ ქვეყანაში, სოციალისტური ალიანსის „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობისას (უფრო ზუსტად ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირობებში), განსხვავებული აზრი დაუშვებელია.

სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაშია, მიუხედავად მისი სიცოცხლის მზარდი საფრთხისა და ყველა საერთაშორისო ძალისხმევისა, რათა უზრუნველყოს მისი გათავისუფლება. ერთი წლის წინ, როცა ერთ-ერთმა პირველმა შევამჩნიე საქართველოს მმართველების მზარდი ავტორიტარიზმი, ბევრმა ბრალი წარმიდგინა – ოფიციალურმა თბილისმა ეს უმაღლეს დონეზე გააკეთა.

დღეს, როდესაც ამ პოლიტიკური ძალის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იწვევს სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას (რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის უარყოფილ „საგზაო ინსტრუქციებზე“, დაპირებულ, მაგრამ გაუკეთებელ რეფორმებზე, დაუწესებულ სანქციებზე ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმებზე, უკრაინის ისეთივე მხარდაჭერაზე, როგორც 2008 წელს უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი მხარს უჭერდნენ თბილისს ბრძოლას…) მშვიდად და სიამოვნებით მივესალმები ნიკა მელიას ვილნიუსში (ხვალინდელი საერთაშორისო ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სადაც ვისაუბრებთ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების საფრთხეებზე), ვინაიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს ამჟამინდელი მმართველების ყველა პათოსი ჩაცხრა პუტინის რეჟიმთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მოიგებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისშიც, მთელ კავკასიაში, მინსკში, მთელ რეგიონში, რომელსაც პუტინის რეჟიმი ჯერ კიდევ ჭიმავს თავისი (ხილული და უხილავი) ძაფებით. სამომავლოდ, თავისუფალ სამყაროში ორ სკამზე ჯდომა აღარ იქნება შესაძლებელი, რადგან მასში მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.