ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. ჟენევაში უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა.
მოლაპარაკებებისას მთავარი განსახილველი საკითხი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება.
„როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ამ საკითხების ხაზგასმა. რაც მთავრია, ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა. ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.