ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი დღეს გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი დღეს გაიმართება

გაერო-ს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი დღეს შედგება.

მხარეები იმსჯელებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემაზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯაზე, რუსეთის მხრიდან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების შესრულებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა უპირობო დაბრუნებაზე.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დონდუამ ჟენევაში განუცხადა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან დარღვეულია.

„ჟენევის მოლაპარაკებები ეფუძნება 2008 წელს დადებული ხელშეკრულების შესრულებას. 10 წლის განმავლობაში ქართული მხარის, თანათავმჯდომარეებისა და ცალკეული ქვეყნების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, რომ კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესს მიგვეღწია, სამწუხაროდ, სერიოზული შედეგები არ გვაქვს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება რუსეთის მიერ დარღვეულია. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ამ შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაკეთდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ფუძემდებლური დოკუმენტი შესრულდეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც შეთანხმებაშია გაწერილი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც ძალის არ გამოყენებას გააკონტროლებენ და საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა დავით დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საუბარი შეეხება ძალის არგამოყნებას.

„ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობდით ამ თემაზე და მონაწილეების ერთობლივ განცხადებაზე. ერთი პერიოდი დაახლოვდა პოზიციები, მაგრამ წინა შეხვედრაზე რუსეთმა განაცხადა, რომ ის არ წავა ერთობლივ განცხადებაზე. რუსეთი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები არ აქვს. რუსეთმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია და მიდგომა დააფიქსირა. ეს პოზიცია არ იძლევა იმის იმედს, რომ მომავალში მოხდეს შეთანხმება ერთობლივ განცხადებაზე. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ
მიმართულებით პროგრესი გვქონდეს. ჩვენ ტრაგედიას არ ვქმნით. ჩვენი პოზიცია და პრიორიტეტები არ იცვლება. გავაგრძელებთ მუშაობას 2008 წელს დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად“, – განაცხადა დავით დონდუამ.