ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ეუთო-ს ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები წარმოადგენს მთავარ ფორმატს, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები, როგორც ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმაციით, შეხვედრისას კვლავ განხილული იყო „უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული განზომილების“ ელემენტები, რა დროსაც მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობების შიშებზე, სურვილებსა და ღირსებაზე.

მონაწილეების შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა, რომლებიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებაზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ადგილზე არსებული ზოგადი უსაფრთხოების სიტუაცია შეფასდა როგორც შედარებით სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ გადაუჭრელ საკითხებზე, მათ შორის მიმდინარე დაკავებებზე, გაუჩინარებულ პირთა საქმეებზე, თავისუფალი გადაადგილებისა და საზღვარგარეთ მგზავრობის შეზღუდვაზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირებაზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე. დისკუსიების დროს კიდევ ერთხელ ყურადღება ფოკუსირებული იყო დღის წესრიგის საკვანძო პუნქტზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებს ეხება.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარე ფუნქციონირებას, მათ შორის ზაფხულის ერთობლივ ძალისხმევას წყლის გამოყენების საკითხებზე და აღნიშნეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების გადაუდებლად განახლების საჭიროება. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ენგურის ხიდსა და საბერიო-ფახულანის გადასასვლელ პუნქტებზე შეზღუდვების მოხსნას და გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის მოწოდებით გამოვიდნენ, კერძოდ კი ოძისის გადასასვლელ პუნქტზე.

სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე კონსტრუქციული ჩართულობის მიუხედავად, დევნილებისა და ლტოლვილები ძირითად საკითხზე დისკუსია ვერ გაიმართა, ზოგიერთი მონაწილის მიერ დისკუსიების დატოვების გამო, რამაც ჩაშალა რაუნდი.

თანათავმჯდომარეები კვლავ მოუწოდებენ ყველა მონაწილეს, გაზარდონ ძალისხმევა მათ შორის ნდობის დასამყარებლად და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ყველა ელემენტის განსახილველად.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.