ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, დროებით გვერდით გადადონ უნდობლობა და მტრობა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, დროებით გვერდით გადადონ უნდობლობა და მტრობა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოშობილი გამოწვევების საპასუხო ნაბიჯებში თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვაფასებთ სამედიცინო პერსონალისა და სხვა ადამიანების ძალისხმევას, რომელიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, გაითვალისწინონ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის მოწოდება და დროებით გვერდით გადადონ უნდობლობა და მტრობა, ასევე თავი აარიდონ ანტაგონისტურ რიტორიკას, და იმუშაონ ერთად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მონაწილეს, გააკეთონ ყველაფერი „იზოლირებულ ტერიტორიებზე მყოფი, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“.

„მოსახლოებას სჭირდება დახმარება და ისინი კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაზარალდნენ. ჩვენ გაგვამხნევა თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითმა, რომელიც უკვე სახეზეა, მაგრამ საჭიროა მეტის გაკეთება, რათა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი ან რა ენაზე საუბრობენ, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა. თანამშრომლობა გამყოფ ხაზებს მიღმა სხვა გარემოებებში შესაძლოა, რთული იყოს, ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, გვერდით გადადონ განსხვავებები და ყველა ინდივიდუალურ პირისთვის ტესტირებასთან და მკურნალობასთან ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენი ორგანიზაციების სახელით ვადასტურებთ, მზად ვართ დისკუსიების მონაწილეთა დასახმარებლად მაშინ, როდესაც ამ გლობალურ საფრთხეს ერთად ვუმკლავდებით“,- ნათქვამია განცხადებაში.