ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შესაძლოა, კონსულტაციები გაიმართოს
ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შესაძლოა, კონსულტაციები გაიმართოს

ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შესაძლოა, კონსულტაციები გაიმართოს.

საკითხი დღის წესრიგში, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ გახდა. კერძოდ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატში არ იწარმოება მაღალი პოლიტიკური დიალოგი და ის არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი საოკუპაციო ხაზთან არსებული ზოგიერთი პრობლემის აღმოფხვრაში გარკვეულ როლს ასრულებს, ამიტომ, მასში ცვლილების შეტანაზე საუბარი საკითხის სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.

„თუ საკითხი დადგება ფორმატის გადახედვაზე, შეცვლაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ერთი ხელის მოსმით ამაზე შეუძლებელია დღეს პასუხი გაგცეთ. თუმცა, ქალბატონი სალომეს ამ წინადადებას ძალიან ყურადღებით გავეცნობით. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებიც გვექნება ინტენსიური. საუბედუროდ ჩვენი ოკუპანტები თავის ტრადიციებს არ ღალატობენ და მუდმივი პრობლემებია საოკუპაციო ზოლთან. ეს ფორმატი გარკვეულ შემთხვევებში, ამ პრობლემების აღმოფხვრაში თავის პატარა როლს ასრულებს ხოლმე და ვცდილობთ, ამის გარდა უფრო დომინანტის როლი გადავიტანოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, პარტნიორ სახელმწიფოებზე. მათი დახმარებით რაც შეიძლება მეტი პრევენცია გავაკეთოთ, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. თუმცა, ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის პრინციპული პოზიციის გატარებას, ჩვენთვის იქნება მისაღები, მაგრამ ამ ფორმატებში გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი მოითხოვს კარგ გაანალიზებას ყოველთვის,” – განაცხადა მდინარაძემ.