ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთი მხრივ ძალის გამოუყენებლობის დღის წესრიგის მთავარ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ, „კოვიდ-19“-ის გავლენას ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები.

პრესკომუნიკეს მიხედვით, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური.

„ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენა წელს გამართული ორი შეხვედრით დადებითად შეფასდა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს გაზარდონ ძალისხმევა ნდობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრის ჩატარდება ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს.