ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დისკუსიების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დისკუსიების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ

ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ერთობლივ კომუნიკეს ავრცელებენ.

მათი განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 46-ე რაუნდი საქმიან და ღირსეულ გარემოში წარიმართა.

„პირველ სამუშაო ჯგუფში თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე არსებული ზოგადი ვითარება შეაფასეს, როგორც მშვიდი და სტაბილური. ყველა მონაწილემ აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა გასულ წლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ამ კონტექსტში თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, დაუყოვნებლივ განაახლონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რეგულარული შეხვედრები ერგნეთსა და გალში. საფრთხეების აღქმა სხვადასხვა კუთხიდან დეტალურად იყო განხილული თანათავმჯდომარეების მიერ. ისინი მიესალმებიან გამჭვირვალობის ზრდას. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის პრინციპების მიმართ, დათანხმდნენ, განაგრძონ დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გზით და მიესალმნენ ახალ წინადადებებს ამ კუთხით“, – აღნიშნულია ჟენევის თანათავმჯდომარეთა კომუნიკეში.

მათი თქმით, მეორე სამუშაო ჯგუფში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება.

„ამ კონტექსტში მათ განიხილეს ადამიანების გაუჩინარებასთან, თავისუფალ მიმოსვლასთან, ჯანდაცვასთან, დოკუმენტაციასთან, განათლებასთან, საცხოვრებელსა და გარემო პირობებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მონაწილემ დატოვა შეხვედრა, ვიდრე იძულებით გადაადგილებულ პირთა/ლტოლვილთა საკითხები განიხილებოდა. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა განაახლეს მოწოდებები მონაწილეთა მიმართ, კონსტრუქციულად ჩაერთონ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეებმა დაადასტურეს მათი ვალდებულება, იმუშაონ მონაწილეებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესის გამოსაცოცხლებლად, რათა გახადონ ის უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული.

მათივე თქმით, მონაწილეებმა გამოთქვეს თანხმობა, მომდევნო რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს შედგეს.