ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით ეუთო პრესკომუნიკეს ავრცელებს
ეუთო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდთან დაკავშირებით პრესკომუნიკეს ავრცელებს.
შეხვედრაზე თანათავმჯდომარეების მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ – გაერო-ს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიჩალკა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.
როგორც კომუნიკეში პირველ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით წერია, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების კუთხით ადგილზე ვითარება, განსაკუთრებით გაამწვავა საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის საპყრობილეში, გალის რაიონში, 2019 წლის 10 მარტს გარდაცვალებამ. ისევე როგორც ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დროებითმა შეზღუდვამ და დაკეტვამ 2019 წლის იანვარში. რაც შეეხება კვარაცხელიას გარდაცვალებას, როგორც ეუთო-ს პრესსკომუნიკეშია ნათქვამი, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს შესაბამის მონაწილეებს, დროულად გააზიარონ არსებული ინფორმაცია.
კომუნიკეს მიხედვით, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტებზე შეზღუდვებსა და დახურვასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა და შუამავლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომები გამართლებული არ არის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათ ხაზი გაუსვეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ცხელი ხაზის გამოყენების აუცილებლობას.
„დადებითად შეფასდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა. აღინიშნა გალში ანალოგიური მექანიზის განახლების აუცილებლობა, წინაპირობებისა და შემდგომი გადადების გარეშე,“ – ვკითხულობთ კუმინიკეში, რომლის მიხედვითაც, გამოითქვა შეშფოთება რეგიონში სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს წინასწარი გაფრთხილების მნიშვნელობასა და სხვა სენსიტიურ საკითხებს.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს დღის წესრიგში „ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების“ პუნქტთან დაკავშირებით.
„ასევე განიხილეს დოკუმენტაციებთან, თავისუფლად გადაადგილებასთან, გაუჩინარებულ ადამიანებთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან, საარსებო წყაროებთან და გარემოს გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები. სამწუხაროდ, ზოგიერთი მონაწილის წასვლის გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა/ლტოლვილთა საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა. თანათავმჯდომარეებმა და შუამავლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციულად ჩაერთონ დღის წესრიგის ყველა საკითხში“, – აღნიშნულია კომუნიკეში.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი შეხვედრა გაიმართოს 2019 წლის 2-3 ივლისს.