ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ჟენევაში მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) წევრი ქვეყნებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიეუსის ინტერაქტიული დიალოგი გაიმართა, რომლის ფარგლებში, მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა მცირე სახელმწიფოთა გამოწვევები კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მიასურაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს არსებული ინსტრუმენტების ფარგლებში ქვეყნისათვის გაწეული ტექნიკური და ექსპერტული დახმარებისთვის „კოვიდ19“-ის მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ვაქცინის უზრუნველყოფაში.

ალექსანდრე მაისურაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „კოვიდ19“-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე და ქვეყანაში გატარებულ ზომებსა და COVAX-ის ფარგლებში მიღებული ვაქცინის პირველ პარტიაზე.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის მოსახლეობისთვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვაქცინის შესყიდვის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა თითოეული ქვეყნის წვლილზე „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე თანაბარი და სამართლიანი წვდომის თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 100 მილიონს მიაღწია და ამ ეტაპზე, წარმოებული „კოვიდ-19“-ის ვაქცინა 50 ქვეყანაში, ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში ნაწილდება და აქედან, ვაქცინის დოზათა 75% მხოლოდ ათმა საშუალოზე მაღალშემოსავლიანმა ქვეყანამ მიიღო.

ტედროს გებრეიეუსმა ასევე ყურადღება გაამახვილა „კოვიდ-19“-ის მედიკამენტებსა და ვაქცინაზე წვდომის ACT Accelerator და ვაქცინის თანაბარი განაწილების COVAX ინსტრუმენტებზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა და ფორუმის წევრ ქვეყნებთან ახალი საპილოტე პროექტების შესახებ ისაუბრა კრიტიკული სიტუაციებისთვის მზადყოფნის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა თითოეული ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობის გაძლიერებისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი 1992 წელს დაარსდა და 108 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა მოსახლეობა 10 მილიონს არ აღემატება, მათ შორისაა საქართველოც. ინტერაქტიული დიალოგი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა.

დატოვე კომენტარი