ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 42-ე რაუნდი გაიმართება
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 42-ე რაუნდი გაიმართება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. მონაწილე მხარეებმა შეხვედრის დღის წესრიგი თანათავმჯდომარეებთან და პარტნიორებთან უკვე შეათანხმეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და გამალებული მილიტარიზაციის, ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს.

დღის წესრიგში რჩება 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოლღის დაკავებისა და გადმოცემის საკითხიც.

„ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით გალისა და ახალგორის ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა – თავისუფალი გადაადგილების და განათლების  შეზღუდვის, ქართული სკოლების დახურვის და იძულებით ე.წ. პასპორტიზაციის პროცესის საკითხები“, – განუცხადა პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ.

რუსული მედიის ინფორმაციით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, მოხერხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება, რომელშიც მისი განმარტებით, მთავარი პასუხისმგებლობა საქართველომ უნდა აიღოს და არა რუსეთმა.

„ქართული მხარე, ყველანაირად ცდილობს, ასახოს ტექსტში ისეთი პოზიციები, რაც სხვა მონაწილეებისთვის მიუღებელია. მაგალითად, „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებთან“ დაკავშირებით , რაც მათი გაგებით ნიშნავს რაღაც მესამე საერთაშორისო ძალას ჩვენს რეგიონში“,- აცხადებს ჯიოევი.

რუსული მედიის განმარტებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებას მოსკოვი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი ოფიციალურ თბილისთან ითხოვს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.