ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი მიმდინარეობს
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი მიმდინარეობს

ამ წუთებში ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განსაკუთრებული სიმწვავით დაყენებასაც ქართული მხარე გეგმავს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არის მაგალითი, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ყველაზე მწვავედ დავსვამთ სწორედ ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს და მის გათავისუფლებას მოვითხოვთ. ეს არის მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული საკითხები გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ბატონი გაფრინდაშვილი. პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. აქ რაიმე სხვა ფაქტორი არ არსებობს“ ,- განაცხადა მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაშა დარსალიამ.

ამავე რაუნდის ფარგლებში აქტიურად დგას საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელის გახსნის თემაც.

როგორც დარსალია ამბობს, გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა. ამიტომ, დარსალიას თქმით, მოლაპარაკების ფარგლებში ქართული დელეგაცია მკაცრად მოითხოვს მიმოსვლის აღდგენას.

„ბოლო თვეების განმავლობაში ადგილზე განსაკუთრებით დამძიმებულია ჰუმანიტარული ფონი, სხვადასხვა ქმედების ერთობლიობის გამო. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა მთელი გამა ქმედებების, დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხით, დამთავრებული დაკავებებითა და საოკუპაციო ხაზის დაკეტვით, რამაც ადგილზე შექმნა ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. პირველ რიგში ეს ყველაზე მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ადგილზე ვითარების გაუმჯობესება და მოვახერხოთ გადასასვლელის გახსნა, რათა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.