ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი გაიმართება
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი გაიმართება

ჟენევაში, გაერო-ს ოფისში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დაიწყება.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე ისაუბრებენ.

„ჩვენ იმ თემებზე ვისაუბრეთ, რომლებიც დღეს მწვავედ დგას. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევები. აუცილებლად ვისაუბრებთ მაია ოთინაშვილისა და ორი დღის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებაზე. ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას მიმდინარე პროვოკაციებზე, რომლებსაც ადგილი აქვს უსაფრთხოების მხრივ. ეს არის მავთულხლართების პრაქტიკის გაგრძელება, ე.წ. ბორდერიზაცია, ადგილობრივებისთვის საკუთარ საცხოვრებელზე და სამეურნეო ტერიტორიებზე წვდომის აკრძალვა, ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელსაც ადგილი აქვს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები დღეს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.