ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. მოლაპარაკებები „ლა გრანჟის“ საუკუნოვან ვილაში იმართება.

შვეიცარიის პრეზიდენტი გაი პარმელინი ორივე ლიდერს „ლა-გრანჟის ვილაში“ ცალ-ცალკე შეუძღვა. როგორც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ბაიდენსა და პუტინს ნაყოფიერ დიალოგს უსურვებს, მათი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით.

აშშ-რუსეთის სამიტის გამო, ჟენევაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. ქალაქში საპატრულო ავტომობილები და ჯავშანმანქანები გადაადგილდება.

ვიწრო ფორმატში შეხვედრას ჯო ბაიდენთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრებიან. გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატშიც. საუბრის თემებს შორის სახელდება ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, რეგიონული საკითხები, მათ შორის უკრაინის, ბელარუსის და მთიანი ყარაბაღის, ასევე ალექსეი ნავალნი, ადამიანის უფლებები, აშშ-სა და რუსეთში დაპატიმრებული რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლება.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბოლოს 2018 წელს, ჰელსინკში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჩატარდა.

დატოვე კომენტარი