ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი მიმდინარეობს
ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ასევე, განიხილება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საკითხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ვინაიდან ამის გარეშე კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია.

„2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება პირველ რიგში, არის იმ სტატუს-კვოზე დაბრუნება, რაც ომამდე იყო. ამის გარეშე კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაწყება შეუძლებელია. შესაბამისად, ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს. კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუ არ მოხდა ჯერ სტატუს-კვოს აღდგენა და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ დეოკუპაცია. თვითონ რუსეთის დელეგაცია ცდილობს ისაუბროს ყველაფერზე, გარდა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დელეგაციისთვის, ისე მთლიანად პროცესისთვის.

ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის ინსტრუმენტი, რომელშიც უნდა აისახოს ქართულ-რუსული კონფლიქტის შესაბამისი დინამიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ხდება ჟენევაში, არამედ ის, რა ხდება კონფლიქტის დინამიკაში.

ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მნიშვნელოვან ამოცანას ემსახურება საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, იქნება ეს რეზოლუციები თუ სხვ. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენოს როგორც სავაჭრო კარტი მოლაპარაკებათა მაგიდაზე, რაც 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა დარსალიამ.