ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე თავმჯდომარეობს
ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე თავმჯდომარეობს

ჟენევაში 9-დან 12 დეკემბრის ჩათვლით წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე უძღვება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის 192 ქვეყნის წარმომადგენელი, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

„იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ“ – ეს არის კონფერენციის ლოზუნგი, რომლის მიზანია, შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის, კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე კი 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრია.

დატოვე კომენტარი