ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში დღეს დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე.

საგარეო უწყების ცნობით, საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.