ჟან ნოელ ბარო - პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საფრანგეთს პოზიციას ვერავინ უკარნახებს
ჟან ნოელ ბარო - პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საფრანგეთს პოზიციას ვერავინ უკარნახებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ნოელ ბაროს განცხადებით, პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით პარიზს პოზიციას ვერავინ უკარნახებს.

ამის შესახებ ჟან ნოელ ბარომ ისრაელელი კოლეგის, გიდეონ საარის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომელიც ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებენ, „ცალმხრივი ზომების“ მიღებით დაემუქრა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით „საფრანგეთის პოზიციას ვერავინ განსაზღვრავს“.

„საფრანგეთი ამას გააკეთებს, რადგან სჯერა რეგიონისთვის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის, ისრაელის უსაფრთხოებისა და პალესტინელების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განმარტა მან.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ გაერო-ს კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთი და საუდის არაბეთი ერთობლივად უმასპინძლებენ, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადოს.