ჟან-ნოელ ბარო დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ დადებითად აფასებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო დადებითად აფასებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ თუ ისრაელი იქამდე არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
ბარომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება „ძალადობის უსასრულო ციკლის“ დასრულებასა და ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის პერსპექტივის“ გახსნას შეუწყობს ხელს.
„სამართლიან და ნათელ იდეას ვერაფრით და ვერავინ ვერ უარყოფს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთი გახდა დიდი შვიდეულის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ განაცხადა.
პალესტინელი ოფიციალური პირები პარიზის ამ ინიციატივას მიესალმნენ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „ჯილდო ტერორიზმისთვის“.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამო.