ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ პარიზი უცხოური ჩარევის არანაირ მცდელობას არ შეეგუება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ პარიზი „უცხოური ჩარევის არანაირ მცდელობას არ შეეგუება“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ჟან-ნოელ ბარო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.
„საფრანგეთი არ შეეგუება უცხოური ჩარევის არანაირ მცდელობას საფრანგეთის დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ განცხადებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო პოლიტიკური პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერის, ჟან-ლუკ მელანშონს პასუხობს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების კამპანიაზე არასათანადოდ რეაგირების გამო საფრანგეთის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები „მსოფლიოს ყველა მანიპულატორისთვის ღია კაფე-ბარად“ გადაიქცა.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის „ეკოლოგისტების“ ლიდერ მარინ ტონდელიესა და X-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს შორის დაპირისპირებას.
ჟან-ნოელ ბარომ მოუწოდა საზოგადოებას, განასხვავოს არჩევნებში ჩარევა იმ შემთხვევისგან, როდესაც „უცხოელი პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყანაში პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას ან უარყოფას გამოხატავს“. მისი თქმით, ეს „საზოგადოებრივ დისკუსიაში მანიპულირების აქტს არ წარმოადგენს“.
„თქვენ ერთმანეთში ურევთ ორ სრულიად განსხვავებულ საკითხს. უცხოელი პოლიტიკური ფიგურის მიერ სხვა ქვეყანაში პოლიტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის ან უარყოფის გამოხატვა შესაძლოა, არასასურველი იყოს და, მეტიც, მისთვის დიპლომატიურ რისკსაც წარმოადგენდეს, მაგრამ ეს საზოგადოებრივ დებატებში მანიპულირების აქტს არ წარმოადგენს. რის მიმართაც ჩვენ უკომპრომისო უნდა ვიყოთ, არის ჩვენი დემოკრატიული დებატების გაყალბების მცდელობები – არავთენტური, კოორდინირებული და ორგანიზებული ონლაინგავრცელების გზით, როდესაც უცხოეთში შექმნილი და შემუშავებული გზავნილების მიზანმიმართული გავრცელება ხდება ინფორმაციული გარემოს დამახინჯებისა და არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ამ მანევრებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ჩვენი შიგნიდან განადგურებით მოწინააღმდეგეების დღის წესრიგის წინ წაწევა, ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის გაქრობა, საფრანგეთის დასუსტება და ევროკავშირის შერყევა. პრობლემის გადაჭრის ნაწილი მსხვილი ონლაინპლატფორმების რეგულირებაში მდგომარეობს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც წლებია, ვაწარმოებ და რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლავაც ვაგრძელებ“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
M. Mélenchon, les tentatives d’ingérence étrangère à des fins de manipulation de notre débat démocratique sont un sujet trop sérieux pour en faire le prétexte à une interpellation dont vous savez très bien qu’elle est infondée.
La France ne tolérera aucune tentative d’ingérence… https://t.co/64j6ib8VVH
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) August 7, 2026