ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროკავშირი, შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის მომზადებას
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის მომზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.
ბარომ დაადასტურა, რომ ევროკავშირი უკვე ამზადებს სანქციების მე-17 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსენა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის ინიციატივა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს აშშ-თან თავისი გადაწყვეტილებების კოორდინაციას.
„ჩვენ, ევროპელები, ამ ამერიკულ ინიციატივას სანქციების მე-17 პაკეტით შევუერთდებით. გუშინ ლინდსი გრემს დავპირდი, რომ შევეცდებით შევათანხმოთ როგორც შინაარსი, ასევე ამ ორი სანქციის პაკეტის ვადები“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ამჟამად „უკრაინაში მშვიდობის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ვლადიმირ პუტინი“.