ჟან-კლოდ იუნკერი - მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობიან კონტინენტზე ვცხოვრობთ, ევროკავშირის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ
ჟან-კლოდ იუნკერი - მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობიან კონტინენტზე ვცხოვრობთ, ევროკავშირის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ

მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობიან კონტინენტზე ვცხოვრობთ და ევროკავშირის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროპელების მუდმივი პასუხისმგებლობა ომის პრევენციაა.

„უნდა მივიღოთ პატრიოტიზმი, რომელიც გამოიყენება კარგი მიმართულებით, მაგრამ არასდროს სხვების წინააღმდეგ. უარი უნდა ვთქვათ გადაჭარბებულ ნაციონალიზმზე, რომელსაც სძულს და ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. ისეთ ნაციონალიზმზე, რომელიც სხვისკენ იშვერს თითს, ნაცვლად ერთად ცხოვრების გზების ძიებისა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჟან-კლოდ იუნკერი ყოველწლიურ გამოსვლაში ისეთ საშინაო და საგარეო საკითხებს შეეხო, როგორიცაა პოპულიზმი, ტერორიზმი და „ბრექსითი“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა რამდენიმე ახალი ინიციატივა წარადგინა, მათ შორის ევროკავშირ-აფრიკის ალიანსის შექმნა, რომელიც ქველმოქმედების ნაცვლად, თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული და უკანონო მიგრაციის შესაზღუდად, სასაზღვრო დაცვის სამსახურის 10 000 თანამშრომლით გაძლიერება.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, იუნკერმა ევროკავშირს თავდაცვითი სფეროს გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ გვსურს მილიტარიზაცია, თუმცა გვჭირდება მეტი დამოუკიდებლობა თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნა იუნკერმა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მეთაურმა „ბრექსითზე“ საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ სამომავლო პარტნიორობის საწყისი წერტილი თავისუფალი ვაჭრობის ზონა იქნება.

ჯან-კლოდ იუნკერის კიდევ ერთი ინიციატივა საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. იუნკერის განცხადებით, წევრ ქვეყნებს ევროგაერთიანების საგარეო პოლიტიკის დაბლოკვის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეთ და გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობის პრონციპი უნდა იქნას გამოყენებული.

„ევროკავშირისთვის დადგა დრო, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე გახდეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.