ჟან კლოდ იუნკერი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ შეუერთდება ევროკავშირს
ჟან კლოდ იუნკერი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ შეუერთდება ევროკავშირს

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მას სურს რომ დიდი ბრიტანეთი „ბრექსითის“ შემდეგ კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს 50-ე მუხლის მიხედვით, უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს 49-ე მუხლი, რომლის საშუალებითაც მას გაწევრიანება კვლავ შეუძლია და მე ამას ვისურვებდი. მე მინდა, პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთს და არ მივატოვოთ ერთმანეთი“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ მიულოცა ბულგარეთს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად დასახელება. მასთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფებოდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა სოფიას მიერ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასახულ პრიორიტეტებზე. ბოიკო ბორისოვის თქმით, ბულგარეთი შეეცდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას ახალი ბიძგი მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან, ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციის პრინციპით დიდი ბრიტანეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა ლონდონმა ამ თანამდებობის დაკავებაზე „ბრექსითის“ გამო უარი თქვა. ამის გამო, ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე დროზე ადრე გახდა.