ჟან-კლოდ იუნკერი - აშშ-ის გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავასაჩივრებთ და ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს დავაწესებთ
ჟან-კლოდ იუნკერი - აშშ-ის გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავასაჩივრებთ და ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს დავაწესებთ

ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებულ ტარიფებს სარკისებურად უპასუხებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, ევროპული გაერთიანება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც გაასაჩივრებს.

„ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროტექციონიზმია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევს. ამერიკის შეერთებული შტატები სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ დარღვევებთან დაკავშირებით მივმართოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და შტატებიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები დავაწესოთ. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ევროპელი მწარმოებლების უფლებებს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში, რომელიც ევროპული ინსტიტუტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის, კანადისა და მექსიკისთვის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ დააანონსა. ცვლილება ძალაში პირველი ივნისიდან შევა. ჩამონათვალში მყოფ ქვეყნებს აშშ-ი ფოლადზე 25%-იან, ალუმინზე კი 10%-იან ტარიფებს დაუწესებს.