ჟან-კლოდ იუნკერი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ამ ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს უნდა მოერგოს
ჟან-კლოდ იუნკერი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ამ ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს უნდა მოერგოს

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უნდა მოერგოს ამ ინიციატივის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინტერესები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

„მნიშვნელოვანია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მოერგოს ინიციტიავის მონაწილე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. როგორც ვიცით, ეს ინტერესები სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ორმხრივი ურთიერთობებისას. ამის საფუძველზე არაერთი შეთანხმება გავაფორმეთ. ზოგი უკვე მოქმედებს და ზოგზე მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ამბიციური ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. მოვხსენით სავიზო რეჟიმი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამის შედეგად, მილიონობით ადამიანმა იმოგზაურა ევროპაში. თუ გვსურს, დავაახლოოთ ქვეყნები, მაშინ უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეების დაახლოებაზე. ვიზალიბერალიზაცია ამის საუკეთეოს წინაპირობა იყო“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 20 ამოცანაზე, რომლის შესრულებაც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. მისი თქმით, ესენია ძლიერი ეკონომიკა, უკეთესი კავშირები და ძლიერი მმართველობა.

„აუცილებელია, მმართველობა უფრო ძლიერი გახდეს, საჭიროა რეფორმების გატარება. ეს რეფორმები ეხება მართლმსაჯულების სისტემას, მიმართულია კორუფციასთან ბრძოლისკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ კორუფციის თემა ერთ-ერთია, რომელიც ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს და ჩვენი საზოგადოებიდან კორუფცია უნდა ამოვძირკვოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.