ჟან-ივ ლე დრიანი რამზან კადიროვს პასუხობს - დიქტატორებისგან ჭკუის სწავლას ვერ მოვითმენთ
ჟან-ივ ლე დრიანი რამზან კადიროვს პასუხობს - დიქტატორებისგან ჭკუის სწავლას ვერ მოვითმენთ

დიქტატორებისგან ჭკუის სწავლას ვერ მოვითმენთ“ – ასე უპასუხა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს, რომელმაც პარიზში, 12 მაისს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს დააკისრა.

კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი, წარმოშობით ჩეჩენი ჰიმზატ აზიმოვი, საფრანგეთში გაიზარდა და მის რადიკალიზაციაზე პარიზია პასუხისმგებელი.

„ჩვენ ვერ მოვითმენთ ჭკუის სწავლებას დიქტატორებისგან, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩანასახსაც კი ებრძვიან და რომლებმაც იციან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამხარ, ათასობით ჩეჩენი იბრძვის“ – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში, 12 მაისს მომხდარი თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარიზის ცენტრში გამვლელებს თავს წარმოშობით ჩეჩენი, 20 წლის ჰიმზატ აზიმოვი დაესხა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მოგვიანებით, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელის რადიკალიზაციაზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს ეკისრება, რადგან ამ ქვეყანაში მთავრობა მშობლებს შვილების აღზრდისა და შენიშვნების მიცემის უფლებას ართმევს.

დატოვე კომენტარი