„ჟალგირისის“ თავდამსხმელი – შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით #1TVSPORT
კონფერენსლიგაზე „დინამო თბილისის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა ვილნიუსის „ჟალგირისის“ თავდამსხმელმა, სტანისლავ ბილენკიმ, რომელიც 2022 წელს თბილისურ გუნდში თამაშობდა. უკრაინელმა ლეგიონერმა, რომელმაც ყოფილ გუნდთან ჰეთთრიქი შეასრულა, შეხვედრა შეაფასა.
„პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და დავამტკიცეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. მათ დიდი ენერგია გადმოგვცეს. ბედნიერები ვართ ასეთი თამაშით და ქამბექით.
რაც შეეხება ამ მოგებაში ჩემს სამ გოლს – მნიშვნელობა არ აქვს, მე გავიტან თუ სხვა, მთავარი გუნდის შედეგია. ამიტომ „ჟალგირისის“ წარმატებით ბედნიერი ვარ“.