დიუშენის მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - სამუშაო ჯგუფი დღეიდან დაიწყებს მუშაობას ორ მედიკამენტთან დაკავშირებით, იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან
პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან, – ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა დღეიდან დაიწყება.
„ამ ღირსეულ და ძალიან დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც მხარს გვიჭერდა ამ დიდ და ღირსეულ ბრძოლაში. დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების შესაბამისად, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან, დიაგნოზთან. ყველა გარემოება იქნება გათვალისწინებული, რაც აუცილებელია ამ პროცესში.
ჯერ გასავლელია ცალკეული საკითხები. საუკეთესო პირობების შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან დაკავშირებით. ვერ დაგიკონკრეტებთ მათ. სამუშაო პროცესია და შეიძლება, პროცესი დაზარალდეს. ამ ეტაპზე შევიკავებთ თავს დასახელებისგან. ოთხი მედიკამენტიდან ორ მედიკამენტზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ დანარჩენ ორ მედიკამენტზე პროცესი არ შეწყდება. ბუნებრივია, იქნება გუნდის მხრიდან მუშაობა, კომუნიკაცია და ყველა იმ პროცესში ჩართულობა, რაც აუცილებელია მედიკამენტებთან მიმართებით. უახლოეს პერიოდში მიიღებთ ინფორმაციას“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.