დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ასოციაციის ორგანიზებით, დაავადებული ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საჭირო მედიკამენტების შემოტანასა და მულტიდისპილინური გუნდის შექმნას ითხოვენ.
მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს კარვებს გაშლიან.
როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს სხვადასხვა ქვეყანა უკვე იყენებს და მათი მოთხოვნაა, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოშიც შემოიტანონ.
„ეს დაავადება არის ძალიან რთული, ყოველი დღე, ყოველი საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. სხვადასხვა ქვეყანა მედიკამენტის ჩაშვებას ზეიმობს, ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი კი გვეუბნება, რომ ეს არ არის უსაფრთხო. უბრალოდ სირცხვილია. არაფერმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენ ისევ და ისევ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მან გვითხრას, ჩვენ შვილებს აქვთ აქ რაიმე რესურსი თუ არა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.