დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ღირსებას შვიდი ძიუდოისტი დაიცავს
23-25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დიუსელდორფის გრან სლემზე მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები სამ ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ დიუსელდორფში წლების განმავლობაში ძიუდოს გრან პრი ტარდებოდა, წელს კი პირველად ქალაქი გრან სლემს მასპინძლობს, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უფრო პრესტიჟული რანგის ტურნირია.
შეიცვალა ტურნირის სპორტული არენის ადგილმდებარეობაც. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გრან სლემი ქალაქის გაცილებით დიდ სპორტულ დარბაზში – ISS DOME-ში გაიმართება, რომელიც 13.000 მაყურებელს იტევს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გერმანიაში სულ შვიდი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, მათ შორის არიან – ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ადამ ოქრუაშვილი.
გრან სლემის გამარჯვებულები 1 000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, მეორეადგილოსნები 700 ქულას, მესამეადგილოსნები კი 500 ქულას მიიღებენ.
ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა 154.000 დოლარია. საპრიზო თანხები თითოეულ წონით კატეგორიაში შემდეგნაირად ნაწილდება: პირველი ადგილი – 5.000 დოლარი, მეორე ადგილი – 3.000, მესამე ადგილი – 1.500-1.500.