სტადიონზე ინციდენტის გამო „დინამო“ და „დილა“ დასაჯეს
სტადიონზე ინციდენტის გამო „დინამო“ და „დილა“ დასაჯეს

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულებისთანავე მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი დაისაჯა.

საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტის მორიგ სხდომაზე იქნა განხილული. გადაწყვეტილება ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გაცნობის, ასევე კლუბების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ გამოიტანეს.

თბილისური კლუბი ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო 3 000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 მატჩს გამოტოვებს და 500 ლარს გადაიხდის.

სასჯელი მასპინძელი გუნდის მიმართაც გამოიტანეს – „დილას“ 800 ლარის გადახდა მოუწევს.