„დირსის“ დირექტორი - დევნილების შემოჭრის გამო, ზარალი გვადგება, იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები დროულად აღკვეთენ ამ ფაქტს
„დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული აცხადებს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დევნილები უკანონოდ შეიჭრნენ მათ საკუთრებაში და ვანდალურად დაამტვრიეს სადარბაზოს კარები, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურს.
„ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს“, – განაცხადა ბესო ჯიქურაულმა.
მისი თქმით, დევნილთა სამინისტროდან დაწყებულია მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ.
„კომპანიას ყველა სადარბაზოში ჰყავდა დაცვის სამსახური, ასეულობით ადამიანი მოვიდა და ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს დაწვეს“, – განაცხადა ბესო ჯიქურაულმა.
მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.