დირკ ვიზე - პოპულისტებს ნამდვილად არ აქვთ შანსი ევროპული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდა ადამიანების წინაშე
დირკ ვიზე - პოპულისტებს ნამდვილად არ აქვთ შანსი ევროპული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდა ადამიანების წინაშე

პოპულისტები ნამდვილად უშანსოდ არიან ახალგაზრდა ადამიანების წინაშე, რომლებსაც ევროპული მენტალიტეტი აქვთ, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„მემარჯვენე პოპულისტები და მემარჯვენე რადიკალები ევროპარლამენტში გარკვეული მასშტაბით ახლაც გვყავს. ვფიქრობ, მათი კვოტა გაიზრდება არა იმ მასშტაბით, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მთავრობის ჩამოყალიბებაში, ან უმრავლესობა შექმნან, მაგრამ ევროპაში უკუპროცესი მიდის. მაგალითად, ქუჩაში გადიან ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპული მენტალიტეტი აქვთ. ისინი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპა – ჩვენი ძირითადი ღირებულებები, კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. ეს პოპულისტები ნამდვილად უშანსოდ არიან ამ ახალგაზრდა ადამიანების წინაშე. ევროპა არის ჩვენი სახლი; ევროპა უნდა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და არა ისე, როგორი ტენდენციებიც არის იტალიაში, საფრანგეთში, ან გერმანიაში AfD-ს სახით“, – განაცხადა დირკ ვიზემ.

ამ განცხადებით დირკ ვიზემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აფასებს ის რისკს, საფრთხეს, თუ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით მოხვდეს სრულიად ახალი, ევროსკეპტიკურად განწყობილი ძალა.