დირკ შუსტერი - ქუთაისში სავსე სტადიონი გვჭირდება, ერთად შეგვიძლია, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ #1TVSPORT
დირკ შუსტერი - ქუთაისში სავსე სტადიონი გვჭირდება, ერთად შეგვიძლია, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ომონიასთან“ წაგებაზე (0:1) კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ საპასუხო შეხვედრაში გუნდი უკეთ ითამაშებს.

„ვულოცავ „ომონიას“ გამარჯვებას. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და იმ მომენტებში ნამდვილად შეიძლებოდა მეტი გოლი გაგვეშვა. ცოტა ვნერვიულობდით და, შედეგად, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ.

მეორე ტაიმში მომენტები შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. გვჯერა, რომ არაფერია გადაწყვეტილი და საპასუხო მატჩისთვის მზად რომ ვიყოთ, ჩვენს თამაშში რამდენიმე ელემენტი უნდა გავაუმჯობესოთ. მეტოქეს დიდი სივრცე დავუთმეთ, ბურთი მივეცით და ველოდებოდით, როდის შემოგვიტევდნენ.

ქუთაისში განსხვავებულად თამაშს შევეცდებით, რადგან გოლები გვჭირდება. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ, ისევე როგორც ყაზახეთში. საქართველოში სავსე სტადიონი გვჭირდება და ერთად შეგვიძლია, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ“.