დირკ შუსტერი - ქუთაისის სტადიონზე პირველ შეხვედრაში „ტორპედოს“ გულშემატკივრის იმედი მაქვს #1TVSPORT
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კომენტარი გააკეთა ეროვნულ ლიგაში „თელავთან“ 9 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ახალ სეზონში საკუთარ არენაზე ქუთაისელებისთვის პირველი თამაში იქნება.
„გასულ დღეებში უამინდობის გამო ნორმალურად მომზადების შესაძლებლობა არ გვქონდა, პირველი საშინაო შეხვედრისთვის კი ძალიან კარგ პირობებში მოვემზადეთ, ტაქტიკური ვარჯიშებიც გვქონდა. კმაყოფილი ვარ გუნდის მზადების პროცესით. ამ სტადიონზე პირველად გავიყვან გუნდს და გულშემატკივრის იმედიც მაქვს. მჯერა, ბევრნი მოვლენ – ჩვენ მათი ენერგიაც გვჭირდება“, – ამბობს დირკ შუსტერი.
კომენტარი გააკეთა გუნდის და გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა და თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა: „სეზონის პირველი საშინაო მატჩისთვის ვემზადებით, ქუთაისში დაბრუნება ძალიან მახარებს. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. სრულად ვართ კონცენტრირებული მატჩზე. იმედი მაქვს, ახალ სეზონში გოლების ანგარიშს ამ მატჩში გავხსნი, გულშემატკივარი კი თამაშით კმაყოფილი იქნება“.
ეროვნული ლიგის მე-3 ტური ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ დაპირისპირებით გაიხსნება – შეხვედრა „რამაზ შენგელია არენაზე“ 9 მარტს 20:00 საათზე დაიწყება.