დირკ შუსტერი - „ორდაბასთან“ გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა ყაზახურ „ორდაბასთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე „რამაზ შენგელია – არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„გუნდის მზადებით კმაყოფილი ვარ. როგორც შემტევ, ისე დაცვით ნაწილში გუნდმა მოუმატა და შეგვიძლია, საპასუხო მატჩინ წინ უპირატესობა მოვიპოვოთ. ამისთვის ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც დაგვჭირდება.
ახალმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს. დღეს სასტარტო თერთმეტეულზე ვერ გესაუბრებით, მისი შედგენა მარტივი არ არის, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სიურპრიზები იქნება.
რაც შეეხება ლადო მამუჩაშვილის კაპიტნობას, ხაზგასასმელია, რომ ეს გუნდის საერთო გადაწყვეტილებაა. ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, კომუნიკაბელურია, გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, ამიტომ ვენდობით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა დირკ შუსტერმა.
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ და ყაზახური „ორდაბასის“ პირველი შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ 10 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.