დირკ შუსტერი – ბევრი „ორდაბასის“ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ, ხვალაც იმავეს ვგეგმავთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენსლიგაზე ყაზახურ „ორდაბასთან“ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.
„ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ორდაბასს“, გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის. „ორდაბასის“ არაერთი მატჩი ვნახეთ – ჩვენ შემდეგ „ასტანასთან“ ითამაშეს. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს.
პირველი თამაშის შემდეგ კარგად მოვემზადეთ, თუმცა ქუთაისში მატჩის შინაარსით კმაყოფილი არ ვიყავი. დიახ, ბევრი „ორდაბასის“ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ თამაში 2:3-დან შემოვატრიალეთ. პირველ მატჩში ხასიათი და მენტალიტეტი ვაჩვენეთ – იმავეს ვგეგმავთ ხვალაც.
გვიხარია, რომ ოთხი გოლის გატანა შევძელით, რადგან წინა მატჩებში მათ ძალიან ცოტა გოლი გაუშვეს. საკმარისია, გავიხსენოთ „ასტანასთან“ თამაში, სადაც „ორდაბასიმ“ რიცხობრივ უმცირესობაში მოიგო.
ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ გვაქვს საკუთარი გეგმა და გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, გვესმის, „ორდაბასი“ ფავორიტად ითვლება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად. შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს არ ვისაუბრებ“, – განაცხადა შუსტერმა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა საქართველოში „ტორპედოს“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. საპასუხო მატჩი 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.