დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართული პოლიციის თანამშრომლებს მადლობას უხდიან
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართული პოლიციის თანამშრომლებს მადლობას უხდიან

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში გუშინ გამართულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

როგორც საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აღნიშნავს, მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ღონისძიების ჩატარება.

„დავესწარი „სველი ქვიშის“ ჩვენებას თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა, ხაზი გავუსვათ ადამიანის უფლებათა დამცველების სიმამაცეს, მათ შორის საქართველოში. მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება“, – წერს მარკ კლეიტონი.

ამასთან, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მადლობა უხდის თბილისი პრაიდს ღონისძიების ორგანიზებისთვის და პოლიციის ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„კოლეგების შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი საღამო, შესანიშნავი ფილმი, შესანიშნავი საღამო. მადლობა თბილისი პრაიდს თავისუფლების, სიმტკიცისა და ფუნდამენტური უფლებების მაგარი დღესასწაულისთვის. მადლობა პოლიციის ძალებს ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალიან კარგი მუშაობისთვის“, – წერს დიეგო კოლასი.

საქართველოში შვედეთის ელჩი ​ულრიკ ტიდესტრომი კი აღნიშნავს, რომ კოლეგა ელჩებთან ერთად დაესწრო თბილისი პრაიდის გახსნას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა ძალიან კარგი საქმე ღონისძიების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

„მოხარული ვარ, რომ კოლეგა ელჩებთან ერთად დავესწარი თბილისი პრაიდის გახსნას. ადამიანის უფლებების ყველასთვის, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, ევროკავშირის საერთო ღირებულებებსა და საერთაშორისო სამართალში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა ძალიან კარგი საქმე ღონისძიების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, როგორც ეს უნდა ყოფილიყო“, – წერს ულრიკ ტიდესტრომი.