„დინამოს“ მეტოქე გერმანელმა ჩაიბარა - ჰიბალა, რომელმაც გიოტცე აღმოაჩინა
„დუნაისკა სტრედა“ თბილისის „დინამოს“ 19 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის გასამართად ესტუმრება. ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე სლოვაკურ კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს.
„დუნაისკა სტრედას“ იტალიელ დამრიგებელ მარკო როსის გერმანელი პეტარ ჰიბალა შეცვლის. როსი „დინამოსთან“ პირველი შეხვედრის შემდეგ უნგრეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა, თუმცა თბილისში გვესტუმრება და უკანასკნელად „სტრედას“ „დინამოსთან“ 19 ივლისის შეხვედრაში უხელმძღვანელებს.
„დუნაისკა სტრედას“ ახალი დამრიგებელი 42 წლის გერმანელი ჰიბალაა – „დორტმუნდის“, „შტურმის“, „ალემანიას“, „ლევერკუზენის“ ახალგაზრდული გუნდისა და ჰოლანდიური „ნაიმეგენის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი. „დორტმუნდში“ 2007-2010 წლების მუშაობდა და სწორედ ჰიბალამ აღმოაჩინა, დააწინაურა და მთავარ გუნდში გადაიყვანა გერმანელების „ოქროს ბიჭუნა“ მარიო გიოტცე, რომლის გოლმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბუნდესნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ გასვლაზე „დუნაისკა სტრედასთან“ პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულა, განმეორებითი თამაში კი „დინამო არენაზე“ 19 ივლისს გაიმართება.