„დინამომ“ ორი მოთამაშე იჯარით გაუშვა, ბერუაშვილი - „რუსთავში“, აფციაური - აზერბაიჯანში #1TVSPORT
ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „დინამო თბილისმა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. სანაცვლოდ, გუნდიდან ზოგიერთი მოთამაშე წავიდა.
21 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი „რუსთავში“ გადავიდა – ლიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში იჯარით ითამაშებს. ის 2022-23 წლების სეზონში პორტუგალიურ „სპორტინგი B-ში“ გამოდიოდა. ბერუაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
ოთარ აფციაური კი კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგის „კაპაზში“ განაგრძობს. 23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარიერა „საბურთალო 2-ში“ დაიწყო, უთამაშია „გაგრაში“, მისი ბოლო კლუბი კი „დინამო თბილისში“ იყო. აზერბაიჯანული კლუბის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
„კაპაზში“ ზაფხულამდე რატი არდაზიშვილი თამაშობდა, მაგრამ მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა. 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კარიერას ეროვნული ლიგის „გაგრაში“ გააგრძელებს.