„დინამომ“ მოლდოველი მეკარე დაიმატა
„დინამომ“ მოლდოველი მეკარე დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის თამაშებამდე პირველი ტრანსფერები განახორციელა.

გამოცდილი თავდამსხმელის, მათე ვაწაძის შემდეგ, თბილისელებმა მეკარეც დაიმატებს. კლუბის ღირსებას 29 წლის მოლდოველი სტეფან სიკაჩი დაიცავს.

სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის „შერიფის“, ასტრახანის „ვოლგარის“, ბელგოროდის „სალიუტისა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ რიგებს იცავდა.

2017 წლის ჩემპიონატის მოლდოველმა მეკარემ ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო და ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, მაგრამ რუსეთში დაბრუნდა, სადაც რანგით მესამე ლიგის „აფიპსში“ გამოდიოდა.

თბილისის „დინამოს“ სტეფან სიკაჩი ხანმოკლე თანამშრომლობაზე შეუთანხმდა – მეკარესთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს ირანიდან ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანი უბრუნდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ჯერ ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.