„დინამომ“ გასვლაზე „ჩიხურა“ დაამარცხა - კურიოზული გოლი ივანწმინდაში [ვიდეო]

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 23-ე ტური ივანწმინდაში გამართული შეხვედრით გაიხსნა – საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში მე-7 წუთზე დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. 28-ე წუთზე საჩხერელებმა წონასწორობა კურიოზული გოლით აღადგინეს. მეკარე სტეფან სიკაჩს „ჩიხურას“ ნახევარმცველმა ლევან კაკუბავამ ბურთი ხელიდან ააცალა და გიორგი გაბედავას პასი მიაწოდა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში მე-14 გოლი გაიტანა.

55-ე წუთზე ნიკა ნინუამ თბილისელთა დაწინაურების მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა – მისი დარტყმული პენალტი საჩხერელთა მეკარე დინო ჰამიზჩმა მოიგერია, დამატებაზე კი ზივზივაძემ კარს ააცილა. თუმცა, სტუმრებმა მაინც მოიგეს – 72-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გიორგი კუციამ გაიტანა – 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ.