„დინამო“ „ურარტუსთან“ სპარინგში ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ჩემპიონატის განახლებამდე სპარინგ მატჩი სომხურ „ურარტუსთან“ ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა. „დინამოს“ ამჯერადაც ვერ დაეხმარნენ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მყოფი დინამოელები, რომლებიც გუნდს 1 ივლისს შეუერთდებიან.
თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – ნიკოლოზ ჩიქოვანის პასით ირაკლი სირაძემ ანგარიში დებიუტშივე გახსნა, ტაიმის შუაში კი ნიკა ნინუას კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „ურარტუს“ კარში ლეო ასუნსეუმ გადაგზავნა.
თუმცა თბილისურმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სტუმრებმა პირველ ნახევარში ერთი გოლის გაქვითვა ჟირაირ მარგარიანის დარტყმით მოახერხეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ორი გოლი გაიტანეს – თავი მიხაილ მირზოიანმა და ბრუნო მიშელმა გამოიჩინეს და 3:2 გაიმარჯვეს.
„დინამო“-„ურარტუ“ 2:3
დინამო: სიკაჩი, გვასალია, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ბერელიძე, ნინუა, ლომთაძე, აარონსი, ჩიქოვანი, სირაძე.
მეორე ტაიმი: ლორია, ფეიქრიშვილი, ახალკაცი, ოდიკაძე, პოტალოვი, შაშიაშვილი, ჩხეტიანი, სადღობელაშვილი, სალია, აფციაური.
მოსამზადებელ ეტაპზე თბილისელებმა ორი შეხვედრა გამართეს და ორივე სომხურ კლუბთან – პირველში „პიუნიკს“ დაუზავდნენ 1:1. დინამოელები მესამე მატჩს 5 ივლისს „არარატ არმენიასთან“ გამართავენ.